CLUB-ის შიდა წესებისა და უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტი

კლუბში შესვლით, ნებისმიერი პირი თანხმობას აცხადებს არსებული წესების დაცვაზე.

შიდა წესების არეალი

1.1 შიდა წესებისა და უსაფრთხოების დოკუმენტის არსებული ვერსია ეხება REDRESS-ის მთლიან შიდა და გარე სივრცეს, მათ შორის მთავარ შესასვლელს. შიდა წესები ვრცელდება ყველა ინდივიდზე, რომელიც სტუმრობს კლუბს, მათ შორის კლუბში დასაქმებულებზე.

1.2 შიდა წესების უგულებელყოფის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს დაუყოვნებლივ მოუწევს კლუბის დატოვება, გაუუქმდება კლუბის წევრობა (მისი არსებობის შემთხვევაში), ან დროებით ან სამუდამოდ აეკრძალება საკლუბო ღამეებზე დასწრება.

შიდა წესების მიზანი

2.1 ადამიანებისთვის საფრთხის თავიდან აცილება და კლუბის ინფრასტრუქტურის დაზიანების პრევენცია; შეუფერხებელი საკლუბო ღამეების უზრუნველყოფა, უსაფრთხო სივრცის ფორმირება და შენარჩუნება, ერთმანეთის დაცვისა და ზრუნვის კულტურის ხელშეწყობა.

სივრცით სარგებლობისა და განკარგვის უფლებები

3.1 REDRESS-ს გააჩნია სივრცის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის ყველა უფლება. მხოლოდ REDRESS ფლობს ყველა უფლებას, მერჩენდაიზის, საკვებისა და სასმლის, ან ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვის, დისტრიბუციის და მათ შორის ამ უფლებების მესამე პირზე გადაცემის თაობაზე.

ვიდეო მეთვალყურეობა

4.1 კლუბის შესასვლელი და გარდერობი უსაფრთხოების მიზნით, ექვემდებარება ვიდეო მეთვალყურეობას.

კლუბის წევრობა და ონლაინ ბილეთები

5.1 ონლაინ ბილეთის მიღება შეუძლიათ კლუბის წევრებს, რომლებმაც ვებპლატფორმასა და აპლიკაციაში გაიარეს რეგისტრაცია და მიიღეს დასტური; კლუბის წევრებს მხოლოდ ერთი ონლაინ ბილეთის მიღება შეუძლიათ.

5.2 კლუბის წევრობის მიღება შესაძლებელია პლატფორმა www.redress.com.ge მეშვეობით, სადაც რეგისტრაციის დროს პირები ნებაყოფლობით ავსებენ პირადი ინფორმაციის ველებს: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა. მიღებული ინფორმაცია გამოიყენება პირის იდენტობის დასადასტურებლად და კლუბის 18+ პოლიტიკის დასაცავად. REDRESS უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას და უსაფრთხოებას.

5.3 ონლაინ ბილეთის მიღება შესაძლებელია ვიზა, ამექსი და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით; ინფორმაციას საკრედიტო და სადებეტო ბარათების შესახებ აგროვებს და ამუშავებს გადახდის სერვისების ავტორიზირებული მომწოდებლები და ეს ინფორმაცია REDRESS-ის პლატფორმაზე არ ინახება.

5.4 ონლაინ ბილეთი უკან არ ბრუნდება. აკრძალულია ონლაინ ბილეთის სხვისთვის გადაცემა.

5.5 საკლუბო ღამეზე დასასწრებად კლუბის წევრებმა კარში უნდა წარმოადგინონ ონლაინ ბილეთის QR კოდი;

კლუბში შესვლის და ყოფნის წესები

6.1 18 წლამდე პირები კლუბში არ დაიშვებიან.

6.2 კლუბში შესვლამდე სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა; კარის მასპინძლები, მათ შორის, უსაფრთხოების ჯგუფის წევრები, უფლებამოსილნი არიან, მოითხოვონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მისი წარუდგენლობის შემთხვევაში, კლუბი უფლებას იტოვებს, არ დაუშვას პირი საკლუბო ღამეზე.

6.3 კლუბი უფლებას იტოვებს არ დაუშვას საკლუბო ღამეზე პირი, რომელიც აშკარა თრობის ქვეშ არის, იქცევა უხეშად და არაეთიკურად.

6.4 კლუბში შესვლამდე სავალდებულოა პირადი ჩხრეკის პროცედურის გავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი უფლებას იტოვებს, არ დაუშვას პირი საკლუბო ღამეზე. მოთხოვნის საფუძველზე, კლუბი უზრუნველყოფს გენდერულად მგრძნობიარე ჩხრეკის პროცედურას მათთვის, ვინც უფრო მეტად კომფორტულ გამოცდილებას ამჯობინებს.

6.5 უსაფრთხოებისა და ცნობიერების ამაღლების ჯგუფებმა, რისკების კონტროლისა და პრევენციის მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა შეამოწმონ პირები, რათა დროულად გამოავლინონ შიდა წესების დარღვევის შესაძლო ფაქტები, საეჭვო ნივთიერებების ან აკრძალული ნივთების მფლობელები (იხ. პუნქტი 7.1 აკრძალული ნივთები). ამ პროცესში უსაფრთხოებისა და ცნობიერების ამაღლების ჯგუფის წევრებმა შესაძლოა მოითხოვონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

6.6 პირებს, რომლებიც უარს აცხადებენ შიდა წესების დაცვაზე, არ ემორჩილებიან კარის მასპინძლების, უსაფრთხოებისა და ცნობიერების ამაღლების ჯგუფის წევრების რეკომენდაციებსა და მითითებებს, მზად არიან ძალადობის ჩასადენად ან ძალადობის წამოწყებისთვის, ისწრაფვიან საკლუბო ღამის ჩასაშლელად, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ კლუბის თანამშრომლებს ან სტუმრებს, ატარებენ აკრძალულ ნივთთა სიიდან რომელიმეს (იხ. პუნქტი 7.1 აკრძალული ნივთები) ან ავლენენ დისკრიმინაციულ ქცევას (იხ. Პუნქტი ეთიკა, სექსუალური შევიწროება და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა), არღვევენ ქცევის ზოგად წესებს (იხ. Პუნქტი 8. ქცევის ზოგადი წესები) დაუყოვნებლივ მოუწევთ კლუბის დატოვება თანხის დაბრუნების გარეშე, გაუუქმდებათ კლუბის წევრობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამუდამოდ ან დროებით აეკრძალებათ კლუბში მოხვედრა.

6.7 პირებს შესაძლოა კლუბში შესვლაზე უარი ეთქვათ კარის, უსაფრთხოებისა და ცნობიერების ამაღლების ჯგუფის მიერ ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის ახსნა-განმარტების გარეშე.

აკრძალული ნივთები:

7.1 კლუბში აკრძალულია შემდეგი ნივთების შეტანა:

ნებისმიერი სახის იარაღი; ხელსაწყოები, მათ შორის, ბასრი და მჭრელი ნივთები, საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო იარაღები;
გაზის სპრეი, კოროზიული ნივთიერებები, კონტეინერში წნევით შენახული აალებადი, ტოქსიკური და ჯანმრთელობისთვის;
საზიანო სითხეები, მათ შორის დეოდორანტი სპრეი (ჯიბის სანთებელების გარდა);
შუშის კონტეინერები, ბოთლები, ქილები, მყარი შეფუთვა ან სხვა შუშის და მყიფე, მსხვრევადი ან მყარი მასალა;
პიროტექნიკური საშუალებები, მათ შორის ფეიერვერკები, ბენგალური ცეცხლი, კვამლის ყუმბარა, კვამლის ფხვნილი;
ფეთქებადი, აალებადი, მომწამლავი, ძლიერ კოროზიული და ცეცხლსაშიში ნივთიერებები;
საგნები ბასრი პირის ან წამახვილებული დაბოლოებით, სათხილამურო, სასიარულო და საცოცი ჯოხები, ნებისმიერი სახის ხელკეტი ან ჯოხი (მათ გარდა, ვინც გადაადგილების დამხმარე საშუალებად იყენებს) და ა.შ.
ნებისმიერი საგანი, რაც გამოიყენება საბრძოლველად, თავდასხმისათვის ან თავდაცვისათვის;
მეგაფონები, საყვირები, ლაზერული სანიშნებლები, სასტვენები;
გრაფიტი, საღებავები და მარკერები;
საეჭვო, პოტენციურად სახიფათო ან არალეგალური ნივთიერებები;
საკვები და ნებისმიერი სახის სასმელი სითხე (გარდა სამედიცინო საჭიროებებისა);
პროფესიონალური ხმის ჩამწერი
ფოტო და ვიდეო კამერები, ქოლგები, დიდი ზომის ჩანთა და ზურგჩანთები აუცილებლად უნდა ჩაბარდეს გარდერობში.

ქცევის ზოგადი წესები

8.1 ქცევის ზოგადი წესების დარღვევა ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს, როგორიცაა: კლუბის დატოვება, კლუბის წევრობის შეწყვეტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკლუბო ღამეზე დასწრების დროებითი ან სამუდამო აკრძალვა, რომელსაც აღასრულებს კარის მთავარი მასპინძელი, უსაფრთხოებისა და ცნობიერების ამაღლების ჯგუფები, რომლებიც ქცევის ზოგადი წესების დაცვას უზრუნველყოფენ მათი შეხედულებისამებრ, შიდა წესების სახელმძღვანელო დოკუმენტის გათვალისწინებით.

8.2 დაუშვებელია კლუბში პროფესიონალური აუდიო ჩამწერი აპარატურის შეტანა ან მისი გამოყენება; აკრძალულია პროფესიონალური აუდიო ჩაწერა, ტრანსლირება ან სხვაგვარად გაზიარება, ინტერნეტისა თუ სხვა მედიის საშუალებით, სრულად ან ნაწილობრივ, ან მათი სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომობა, ან მათი კომერციულად გავრცელება; ვიტოვებთ უფლებას მოვითხოვოთ ჩაწერილი ასალის დაუყოვნებლივი წაშლა ნებისმიერი მოწყობილობიდან, მათ შორის სოციალური ქსელებიდან.

8.3 აკრძალულია ფოტო და ვიდეო გადაღება ნებისმიერი მოწყობილობით; დაუშვებელია კლუბში ფოტო კამერისა და ვიდეო ჩამწერი აპარატურის შეტანა ან მისი გამოყენება; აკრძალულია ვიდეო ტრანსლირება ან ფოტო და ვიდეოს სხვაგვარად გაზიარება, ინტერნეტისა თუ სხვა მედიის საშუალებით, სრულად ან ნაწილობრივ, ან მათი სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომობა, ან მათი კომერციულად გავრცელება. ვიტოვებთ უფლებას მოვითხოვოთ გადაღებული მასალის დაუყოვნებლივი წაშლა ნებისმიერი მოწყობილობიდან, მათ შორის სოციალური ქსელებიდან. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაღება ოფიციალურად ნებადართულია კლუბის მიერ, კონკრეტულ პირებზე. ასეთ შემთხვევაში, კლუბის სტუმრები წინასწარ ინფორმირებულები იქნებიან ღამის განმავლობაში მიმდინარე გადაღებების შესახებ, გადაღების ადგილების წინასწარი მითითებით.

საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირებისა და ქცევის წესები

წინამდებარე ქცევის წესები მიზნად ისახავს საგანგებო სიტუაციების დროს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას, მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებას, გამოწვეული უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირებას და შესაბამის პირთა კოორდინირებული ქმედებების უზრუნველყოფას.

9.1 საგანგებო სიტუაციების დროს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად ნებისმიერი პირის ქმედება უნდა იყოს მიმართული ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მათ დროულ ევაკუაციაზე. ევაკუაციის დროს, თითოეული პირი ვალდებულია ითანამშრომლოს და დაემორჩილოს უსაფრთხოების ინსტრუქციებს, განსაკუთრებით, კლუბის ადმინისტრაციის, სახანძრო ეკიპაჟისა და პოლიციის განცხადებებსა და მითითებებს. ყველა შესასვლელი, გასასვლელი, საევაკუაციო გზები და სათადარიგო გასასვლელები უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი დაბრკოლებისგან; სახანძრო ინვენტართან და ხანძარქრობის პირველად საშუალებებთან, წყლითა და ქაფით ხანძარქრობის სტაციონარულ დანადგარებთან და სახანძრო ჰიდრანტებთან მისასვლელები ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი და ადვილად ხელმისაწვდომი პერსონალისთვის და სპეციალური ავტოტრანსპორტისთვის.


ნაპოვნი და დაკარგული ნივთები

10.1. ყველა ნაპოვნი ნივთი უნდა გადაეცეს კლუბის გარდერობს.

10.2 REDRESS არ არის პასუხისმგებელი დაკარგულ ნივთებზე, იმ შემთხვევის გარდა, თუკი ეს გამოწვეულია კლუბში დასაქმებული პირის დაუდევარი ქმედებით.

10.3 გარდერობის გარეთ დატოვებულ ნივთებზე REDRESS პასუხისმგებლობას არ იღებს.

10.4 ნაპოვნი და მოუკითხავი ნივთები, მათი დაკარგვის დღიდან 8 კვირის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტთან და აღწერის დოკუმენტთან ერთად სარეალიზაციოდ გადაეცემა სოციალურ საწარმოს ქვიარ-ფემინისტური ინიციატივების მხარდასაჭერად.

10.5 დაკარგული ნივთების შემთხვევაში უნდა შეივსოს აღნიშნული ფორმა მითითებულ ბმულზე redress.com.ge/contact

10.6 ნაპოვნი და დაკარგული ნივთების აღრიცხვის, გაცემისა და განკარგვის სამუშაო დრო და მისამართი: სამშაბათი - პარასკევი, 14:00 - 20:00. 91 ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ბათუმი

რისკები და პასუხისმგებლობები

11.1 კლუბში ნებისმიერი პირი შედის პირადი პასუხისმგებლობის და რისკის გათვალისწინებით. REDRESS არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მიყენებულ პირად ან ქონებრივ ზიანზე.

11.2 REDRESS-ის უფლება, ნებისმიერი პირის მხრიდან კლუბისთვის მიყენებულ ზიანზე მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, ხელშეუვალია.

საბოლოო დებულებები

12.1 შიდა წესებისა და უსაფრთხოების დოკუმენტის ეს ვერსია ძალაში შედის 01.12.2023-იდან.

12.2 REDRESS-ს შეუძლია აღნიშნული შიდა წესების და უსაფრთხოების დოკუმენტის ნებისმიერ დროს ცვლილება ახსნა-განმარტების გარეშე. შიდა წესებისა და უსაფრთხოების დოკუმენტის ნებისმიერი ახალი ვერსია ანაცვლებს წინა ვერსიას და, შესაბამისად, ძალას უკარგავს მას.

12.3 აღნიშნული შიდა წესებისა და უსაფრთხოების დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯაროდ, კლუბის შესასვლელში, გარე პერიმეტრზე და შიდა ტერიტორიაზე.

რეკომენდაციები

კლუბში ძილი დაუშვებელია.

საკლუბო ღამეზე ხმის მაღალი რეგისტრის გამო არსებობს სმენის დაზიანების შესაძლო რისკი. სტუმრების კეთილდღეობისა და სმენითი გართულებების თავიდან ასაცილებლად გავცემთ რეკომენდაციას, საკლუბო ღამის მსვლელობისას გამოიყენონ ყურის სპეციალური საცობი. ფოტომგრძნობიარე მხედველობის მქონე პირებმა კი თავი შეიკავონ კლუბის სპეციფიკურად განათებულ ზონებში გადაადგილებისგან.


გააცნობიერეთ საკუთარ თავზე ზრუნვის მნიშვნელობა.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს სასმელს.
დატოვეთ ძვირფასი ნივთები სახლში.
მიიღეთ წყალი.
უარი თქვი პოლიმოხმარებაზე.
არ მართოთ მანქანა. გამოიძახეთ ტაქსი ან ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
იზრუნეთ საკუთარ თავსა და ერთმანეთზე.

თუ იგრძნობთ თავს შეუძლოდ, გრძნობთ საფრთხეს, უსიამოვნო ან არაკომფორტულ გამოცდილებას, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ კლუბის ნებისმიერ თანამშრომელს.
არასასიამოვნო ან საფრთხის შემცველი გამოცდილების შესახებ შეგიძლიათ შეგვატყობინოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@redressclub.com